ქართული ღვინის შესახებ პოპულარულ ჟურნალ „Food and Wine“-ში სტატია დაიბეჭდება
ღვინის ტური
აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალტირაჟიან და პოპულარულ ჟურნალ „Food and Wine“-ის 2018 წლის ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდება. ამ მიზნით, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალ „Food and Wine“-ის აღმასრულებელი რედაქტორი რეი აილი (Ray Isle) და ჟურნალის ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, „Food and Wine“-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა მოინახულა ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები ქართლსა და კახეთში და ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო.
რეი აილის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციის გაცნობა.
„სტატია ეხება როგორც ქართულ ღვინოს, ასევე ქართული სამზარეულოს, თუ როგორ ეხამება ისინი ერთმანეთს და როგორი განუყოფელია ერთმანეთისგან. მე დიდი ხანია ღვინოებზე ვწერ და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო 4-5 წელია გაჩნდა ამერიკის სომელიეთა და რესტორნების საზოგადოებაში. მე გამისინჯავს ქართული ღვინო, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ქართული ღვინის საწარმოში და არც ამ ქვეყანაში, არ მინახავს როგორ ამზადებენ ამ ღვინოს, არ ვყოფილვარ ვენახში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ხალხი გაიცნობს ქართულ ღვინოს და სამზარეულოს და გაიგებს მის მშვენიერებას“ - აღნიშა მან.
რეი აილი პირველად სტუმრობდა საქართველოს და როგორც თავად აცხადებს, აშშ-ში შთაბეჭდილებებით ბრუნდება.
„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ადამიანებია, აქაური კულტურა, ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, გახსნილია ვიზიტორებისთვის, რომლებიც საქართველოში მის შესაცნობად ჩამოდიან, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, სადღეგრძელოების ტრადიცია, სტუმრის პატივისცემა, მიპატიჟება, ასეთი რამ შეერთებულ შტატებში არ არის, სასიამოვნოა იყო ამ ყველაფრის ნაწილი” - განაცხადა მან.
„Food and Wine“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი შეადგენს 925 ათასს თვეში, ხოლო მიმდევარი სოციალურ მედიაში 2,3 მილიონს აჭარბებს.