ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში
დეგუსტაცია
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პრესისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია („Press and Trade Tour“) გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო და მასზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების კლასიკური და ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
ამავე ღონისძიების ფარგლებში კომერციული პირებისთვის (ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, რესტორნების ქსელების წარმომადგენლები) ქართული ღვინის სემინარი (“How Georgian Wines can revolutionise your wine list”) გაიმართა, რომელსაც „Swirl Wine Group“-ის წარმომადგენლები, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფი უძღვებოდნენ. აქვე სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.
ლონდონში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 38 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 98%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.