ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის OIV-ის ჩამონათვალში შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ზოგადი

ქართული ღვინის OIV-ის ჩამონათვალში შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა
19.04.2018

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ  პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ წარადგინეს.
OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ,  აღნიშნული საკითხმა სამუშაო ჯგუფის  მხარდაჭერა მოიპოვა და გადავიდა განხილვის შემდეგ ეტაპზე. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება.
საფრანგეთში ვიზიტის დროს, გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები  გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომელთაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს. 
2017 წელს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო),   OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
 ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში  სულ 7 ღვინოა:  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი). 
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.

ქართული ღვინო