ქართული ღვინის დეგუსტაციები იაპონიაში
ზოგადი
ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა 23-30 ნოემბერს იაპონიაში, რომელიც ბუნებრივი ღვინის მცირე მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას წარმოადგენს და სადაც ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ღვინოზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება.
იაპონიის სამ ქალაქში - ოსაკა, კიოტოსა და ტოკიოში გამართული ქართული ბუნებრივი ღვინოების დეგუსტაცია-პრეზენტაციების პროგრამა მოიცავდა პროფესიონალურ დეგუსტაციებს, სემინარებს, ასევე შეხვედრებს იაპონიის მეღვინეთა ასოციაციებთან, სომელიეებთან, ადგილობრივ მედიასთან და ღვინის იმპორტიორებთან.
წარდგენა- დეგუსტაციების შემდეგ 30 ნოემბერს ქართული ქვევრის ღვინო ტოკიოში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პირველად მონაწილეობდა და ამის გამო ქართველ მეღვინეებს განსაკუთრებული წარდგენა მოუწყვეს. საერთო ჯამში შეხვედრებს ათასობით სტუმარი დაესწრო, რომლებმაც ქართული ღვინო საუკეთესოდ შეაფასეს. 27 ნოემბერს გამართულ ღვინის პროფესიონალურ დეგუსტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ.
საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: ‘’Iago’s Wines” - იაგო ბიტარიშვილი; ‘’ Iberieli ‘’ ზურაბ თოფურიძე; Winery ,,Antadze\'\'- ნიკოლოზ ანთაძე; ,,Nikoladzeebis Marani’’ -რამაზ ნიკოლაძე; ,,Pheasant’s Tears’’ - ჯონ უერდემანი; ,,Our Wines’’ - სოლომონ ცაიშვილი; ,,Natenadze Wines Cellar” - გიორგი ნათენაძე; ,,Artanuli Wines’’ - კახაბერ ბერიშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იაპონიაში გამართული დეგუსტაციებისა და წარდგენების შედეგად ქართველ მევენახეებს საკუთარი პროდუქციის იაპონიის ბაზარზე რეალიზაცის შესაძლებლობა მიეცათ.