ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის მორიგი წარმატება

ზოგადი

ქართული ღვინის მორიგი წარმატება
12.11.2014

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში „The Cathay Pacific Hong Kong International Wine & Spirit Competition“ 19 სახეობის ქართული ღვინო და სპირტიანი სასმელები სხვადასხვა მედლებით, მათ შორის, 2 ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ოქროს მედლებით კომპანია „ჩელთის“ – „ჩელთი 2008“ და KTW-ს „საფერავი მუსკატი 2012“ დაჯილდოვდა. (სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულში)

აღნიშნული კონკურსის შედეგები ჰონგ-კონგში გამართული საერთაშორისო გამოფენის „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2014”-ს ფარგლებში გახდა ცნობილი. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან, კორეადან, ტაივანიდან და ინდოეთიდან. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

აღნიშნული კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ღვინის ხარისხის აღიარებისთვის არა მარტო აზიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

ეს წარმატება ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოებისთვის ჩინეთში და მთლიანად აზიის ბაზარზე.

ღვინის ეროვნული მხარდაჭერით არაერთ ქართულ კომპანიას ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი პროდუქცია მსგავს კონკურსებსა და გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარადგინოს.

ქართული ღვინო