კრაკოვში ქართული ღვინის საღამო გაიმართა
ზოგადი
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი პოლონელი სომელიეები, ღვინის იმპორტიორები, მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, მეღვინეობის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ.
ქართული ღვინის პრეზენტაციას უძღვებოდნენ კომპანია ,,Vinisfera’’-ს დირექტორი მარიუს კაპჩინსკი და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ჩოლობარგია. პოლონეთში მოღვაწე ქართული ხალხური შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით, საღამო ქართული ხალხური ცეკვევებისა და სიმღერების ფონზე წარიმართა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული საღამო პოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით მოაწყო. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის - 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1,2 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აღნიშნული საღამო წინ უსწრებდა ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას „EnoExpo 2014”-ს, რომლიც 5-7 ნოემბერს კრაკოვში გაიმართება და სადაც 14 ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.