ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში

ზოგადი

ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში
24.10.2014

24 ოქტომბერს, სიჩუანის პროვინციაში ქალაქ ჩენგდუში გაიხსნა სასმელებისა და კვებითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა (The 15th Western China International fair), რომელშიც ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის გახსნას ქართული დელეგაციის წევრები - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.

,,ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამომხმარებლო ბაზარი, სადაც ღვინის მოხმარება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის გათვალისწინებით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პერსპექტიული და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. მათ შორის არის აღნიშნული გამოფენაც“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

The 15th Western China International fair-ის ძირითადი მიზანს, თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენს. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა დამყარდეს კონტაქტები ადგილობრივ ბაიერებთან და საშუალებას აძლევს მწარმოებლებს, საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. აღნიშნულ გამოფენაში მსოფლიოს 72 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ს აღემატება. 20,000-ზე მეტია გამოფენაზე დამსწრე პროფესიონალ ტრეიდერთა რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ გამოფენაზე ქართული სტენდი მოეწყო, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, წვენებისა და წყლის მწარმოებლი, ასევე კვების მრეწველობაში მოქმედი ქართული კომპანიები. გამოფენაზე საკუთრი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა: \"მეღვინეობა ხარება\", \"კახური ტრადიციული მეღვინეობა\" \"შატო მუხრანი\" \"ს.ს. ბაგრატიონი 1882\", \"კახური ღვინის მარანი\", \"ქინძმარაულის მარანი\" და \"ქიმერიონი\", \"კულა\", \"მარნეულის სასურსათო ქარხანა\", \"წყალი მარგებელი\".

ქართული ღვინო