თბილისობის დღესასწაულზე ღვინის ქალაქი მოეწყობა
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და თბილისის მერია 25-26 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე აწყობენ „ღვინის ქალაქს“, რომლის ფარგლებშიც რიყეზე დაიდგმება „ღვინის სახლები“. თბილისობაზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და თბილისის მერიის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.
პრეს-კონფერენციას უძღვებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი და თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალაქის მერიას თბილისობის დღესასწაულზე ღვინის თემატიკის ჩართვისთვის.
„ნებისმიერი დღესასწაული ღვინის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ღვინის თემატიკის ასეთი კუთხით წარმოჩენა ღვინისადმი ჩვენი დამოკიდებულების სხვა დონეზე გადასვლას გულისხმობს. ღვინო კულტურული პროდუქტია - ეს ამ ღონისძიების მთავარი ღერძი ქნება. თბილისობა ღვინის გარეშე არ ჩატარებულა, მაგრამ ფორმატი იყო სხვა - ვფიქრობ ეს კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი უფრო საინტერესოს გახდის ამ დღესასწაულს და იგი ლამაზ ტრადიციად ჩამყალიბდება“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
შალვა ხეცურიანის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის დეგუსტაციები.
„თბილისობის დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. „ღვინის ქალაქში“ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის ღვინოები, ინფორმაცია ღვინოებზე, ყურძნის ჯიშებზე, ღვინის წარმოების ტექნოლოგიაზე, მწარმოებლებზე, და ა.შ. „ღვინის ქალაქი“ გაიხსნება 25 ოქტომბერს, თეატრალიზებული ღვინის აღლუმით თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების და თეატრი \"ნაბადის\" მსახიობების მონაწილეობით. აღლუმი ჩაივლის მეტეხის ხიდზე „ღვინის ქალაქამდე“, რომელიც საზეიმოდ გაიხსნება სიმბოლური გასაღებით. გასაღები კი გადაეცემა ქალაქის მერს” - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.
თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს სომელიეთა ასოციაციას აღნიშნული პროექტისთვის და იმედი გამოთქვს, რომ ღვინის თემატიკა თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში მომავალშიც აღინიშნება.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება არა მარტო საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება პრეცედენტი, როდესაც ღვინოს მოვექცევით არა მარტო როგორც სასმელს და მომხმარების პროდუქტს, არამედ როგორც ჩვენი კულტურის ნაწილს. შევეცდებით, რომ ეს კულტურა ერთმანეთს გავუზუაროთ და გავიტანოთ ქვეყნის გარეთ“ - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
როგორც პრეს-კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ღონისძიების კულმინაცია იქნება 26 ოქტომბერს დაგეგმილი „ქართული ღვინის კონკურსი. თბილისი 2014“–ის შედეგების საზეიმო გამოცხადება და დაჯილდოება. ღვინის ერონული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად ტარდება მსგავსი ტიპის კონკურსი, სადაც საქართველოში საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი ყველა სახის ღვინოებიდან სპეციალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს კატეგორიების მიხედვით. კონკურსის პირველი და მეორე ტური გაიმართება 22 და 24 ოქტომბერს. კონკურსში მონაწილეობას იღებს 3 სახის ჟიური: პროფესიული, - ენოლოგებისა (მ.შ. სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრების) და სომელიეების შემადგენლობით, „სახალხო ჟიური“ - ცნობადი სახეებით და „მედია ჟიური“ - ჟურნალისტებისგან შემდგარი. მათგან ყველა ამოარჩევს საუკეთესო ღვინოს 10 კატეგორიაში, გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება 26 ოქტომბერს.