ქართული ღვინის დღე რამდენიმე ქალაქში აღინიშნა
ზოგადი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წლის 4 ოქტომბერს პირველად აღინიშნა ქართული ღვინის დღე, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები თბილისსა და კახეთში გაიმართა.
ქართული ღვინის დღის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ყვარელის რაიონში რთველში მიიღო მონაწილეობა.
„დღეს ერთგვარად რთველის სიმბოლური შეჯამება გვაქვს და მიმაჩნია, რომ წელს საუკეთესო რთველი და საუკეთესო წელი იყო, ვინაიდან გლეხები, მევენახეები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები არიან. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კახეთში 115 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი, ამაში რაჭის მოსავალი არ შედის. მევენახეების შემოსავლებმა ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია, რაც მთავარია ეს დიდი მოტივაცია, სტიმულის მიმცემია გლეხებისთვის. 4 ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ გლეხს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, რომ ვენახი გააშენოს. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სოფლებში ეს ძალიან დიდი დახმარებაა,\" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით მთავრობის მეთაური ალავერდის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო დოღს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დღე ტრადიციად დამკვიდრდება და ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცევა.
„ამ დღის დაწესება გადაგვაწყვეტინა ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ. ქართველი კაცისთვის, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი\", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის დაყენების უნიკალურ, ათასწლოვან ტექნოლოგიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აშენდება ღვინის მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია.
პრემიერმა დოღში გამარჯვებულს ერეკლე მეფის ხმლის ასლი გადასცა. პრემიერ-მინისტრსა და ალავერდის მიტროპოლიტ დავითს კი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა საფერავის ბოკალის ორი ექსკლუზიური ნიმუში გადასცა. ავსტრიელი ოსტატის გეორგ რიდელის მიერ შექმნილი საფერავის ბოკალის პრეზენტაცია ქართული ღვინის დღის ფარგლებში თბილისში, სასტუმრო „მერიოტ თბილისში“ დღის პირველ ნახევარში გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრნენ; საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში.
სიონის ქუჩაზე, „ქარვასლის“ წინ მოეწყო ქართული ღვინოების დეგუსტაცია. ამასთან, დეგუსტაცია და სხვადასხვა სანახაობითი ღონისძიება თელავის ცენტრში, იუსტიციის სახლის წინ, ერეკლეს მოედანზეც გაიმართა.
ქართული ღვინის დღის ორგანიზატორები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ალავერდის ეპარქია, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და საქართველოს სომელიეთა ასოციაცია.
თბილისსა და კახეთში გამართულ ღონისძიებებს უამრავი სტუმარი - სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურუსტები დაესწრენენ.
დღესასწაულში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქათული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობის 200-ზე მეტი წარმომადგენელი.