ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია ჰონგ-კონგში გაიმართა

ზოგადი

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია ჰონგ-კონგში გაიმართა
28.07.2014

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, 25 ივლისს, ჰონგ-კონგში ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, ღვინის მომხმარებლებისა და მედიისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ჰონგ-კონგში, რომლის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეული მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.
ჰონგ-კონგში წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების პროდუქცია: „ქინძმარაულის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბესინი“, „კახური ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, GWS, „ქიმერიონი“, „თბილღვინო“ და „ბაგრატიონი 1882“.
ქართული ღვინის პრეზენტაცია სამ ეტაპად გაიმართა. კერძოდ, მოეწყო სემინარი მედიისთვის, რომელსაც 45 სხვადასხვა გამოცემის წარმომადგენელი დაესწრო. შემდეგ გაიმართა დეგუსტაციები ღვინის მომხმარებლებისა და მოყვარულებისთვის, და ასევე დისტრიბუტორებისა და იმპორტიორებისთვის, რომლებსაც ასეულობით სტუმარი დაესწრო.
ქართულმა ღვინომ გამოფენის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
ჩინეთის ბაზარი საქართველოს ღვინის ექსპორტიორ ქვეყნების ხუთეულშია რუსეთის, უკრაინის, პოლონეთისა და ყაზახეთის შემდეგ. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 617 ათას ბოთლზე მეტი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელიზე.

ქართული ღვინო