ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

2014 წლის რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

ზოგადი

2014 წლის რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
09.07.2014

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა 2014 წლის რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. ბოლო პერიოდში საფერავის ჩაბარების ფასის შემცირების თაობაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია,  რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
 
,,მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო,  რომ 2014 წლის რთველთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. წელს რთველი ჩაივლის წარმატებულად როგორც მეწარმისთვის, ასევე  მევენახისთვის. წინასწარი მონაცემებით, წელს განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იქნება საფერავზე, რაც მაღალი ფასის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საექსპორტო პოტენციალი, დაგეგმილი გაყიდვები და პროგნოზირებული მოსავლიანობა იძლევა იმის საშუალებას, რომ სექტორში ზედმეტი მოტივაციის შექმნის გარეშე, სახელმწიფო გამოვიდეს წითელი ყურძნის სუბსიდირების სქემიდან, ისე, რომ არ გამოიწვიოს დარგში რაიმე ნეგატიური პროცესები და სექტორის დაზარალება \",  -  განაცხადა შალვა ფიფიამ.
 
როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა,  თეთრ ყურძენზე - რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, შენარჩუნდება სუბსიდია, რათა დარგის განვითარების დადებითი ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს და მომავალი წლებისთვის სახელმწიფო  ნელ-ნელა გამოვიდეს სუბსიდირების სქემიდან.
 
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შეიმჩნევა დარგის გაჯანსაღების პირველადი ნიშნები, რაც მისასალმებელია და იძლევა საშუალებას უარი ითქვას სუბსიდირებაზე და შენარჩუნდეს მაღალი მოთხოვნა\", - აღნიშნა შალვა ფიფიამ.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მიმდინარე წლის  6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 27 მლნ ბოთლზე მეტი. ,,მინდა ავღნიშნო, რომ 2012 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა სულ 22 მლნ ბოთლამდე შეადგინა. აქედან გამომდინარე, 2014 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლო კვარტალი ექსპორტის მიმართულებით ყველაზე აქტიურია,  ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლომდე ღვინის  ექსპორტი 55 მლნ ბოთლს გადააჭარბებს\", - აღნიშნა მან.
 
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა,  მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტიც. წლის პირველ ნახევარში ბრენდის ექსპორტმა 6 მლნ ბოთლს გადააჭარბა.
 
,,რაც შეეხება ექსპორტის გეოგრაფიას, უნდა ითქვას, რომ  აქ  რუსეთი ლიდერობს,  რომელიც ქართული პროდუქციისთვის ისტორიული ბაზარია. აღსანიშნავია, რომ დამოკიდებულება რუსეთზე არც ისე  დიდია  და  ის 60%-ზე ცოტა მეტია. ამ ფაქტს გარკვეული ახსნაც აქვს - უკრაინის კრიზისმა გარკვეულწილად იმოქმედა უკრაინაში ღვინის ექსპორტზე და მისი შემცირება განაპირობა. ყველა დანარჩენ მიზნობრივ ბაზარზე ჩვენ ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა,  20% -ზე მეტი გვაქვს. - ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი,  ეს  ის სტრატეგიული მიმართულების ქვეყნებია, რომლის განვითარებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ\", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე თეთრ ღვინოსთან შედარებით,  წითელ ღვინოზე მოთხოვნა მეტია. მისი წილი  ექსპორტში  60%-ზე მეტია და ბუნებრივია, რომ მეწარმეების მხრიდან წითელ ყურძენზე მეტი მოთხოვნა იყოს. ,,გვქონდა რამდენიმე წლიანი კრიზისული პერიოდი, როდესაც რიგი ფაქტორების გამო, ძალიან დაბალი იყო ექსპორტი და ღვინის ინდუსტრია სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებდა აქტიურ მხარდაჭერას. დღეისათვის, გაწეული სამუშაოების და სისტემური ცვლილებების შედეგად, დარგი ჯანსაღდება, ვითარდება და ნელ-ნელა გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც სახლემწიფოს ჩართულობა მცირდება.  წელს,  წითელ ყურძენზე  სუბსიდია საჭირო აღარ  არის და მიუხედავად ამისა, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მევენახეები წელს განსაკუთრებულად მაღალ შემოსავალს მიიღებენ\", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ქართული ღვინო