ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

იაპონელი ღვინის იმპორტიორების ვიზიტი საქართველოში

ზოგადი

იაპონელი ღვინის იმპორტიორების ვიზიტი საქართველოში
15.06.2017

 იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო. სტუმრები ეწვიენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად,  ქვევრის ღვინომ მოახდინა. 

 როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად,  ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.

„ქართული ღვინით აღფრთოვანებული ვარ. იაპონურ ბაზარზე არის ზოგიერთი ქართული ღვინო, რომლებიც უნიკალურია და სწორედ ამიტომ მომინდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და მენახა რა ხდება აქ ღვინის სფეროში.  აქ ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი არც ისეთი ძვირია, ხელმისაწვდომია. ჩვენ გავსინჯეთ ევროპული სტილის ქართული ღვინოები და ტრადიციული ღვინოები. იმდენი განსხვავებული კატეგორიის ღვინოა და ყველა მათგანის ხარისხი მაღალი, ფასი კი მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის.” - განაცხადა ტაკაკო ოსავამ.

ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს შემდეგი ღვინის საწარმოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „კარდენახის ღვინის მარანი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ორგო“, „შუხმანის ვაინს ჯორჯია“, „მეღვინეობა ხარება“, „შუმი“, „ალავერდის მონასტერი“, „ვაზიანი კომპანი“, „საწნახელი“, „შალაური“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „გოცას ღვინოები“, ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს. 

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.

ქართული ღვინო