გერმანიაში ქართული ღვინო ცნობილმა სომელიემ ტონი ასკიტისმა წარადგინა
დეგუსტაცია
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი გერმანელი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა და მას ღვინის კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, ჯამში 120-მდე ადამიანი. ტონი ასკიტისი საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს. ღონისძიების სტუმრებს, შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 6 დასახელების ქართული ღვინო.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია.