მესხეთი
მესხეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება. მესხური მევენახეობა პირველ რიგში ტერასებზე გაშენებულ ბაღ-ვენახებს გულისხმობს, რომელსაც რამდენიმე სახელი აქვს: ოროკო, დარიჯი, ბაქანი, საქვე. მესხეთში დაბლარი ვენახებიც არსებობდა და მაღლარიც, თუმცა ძირითადი სახეობა მაინც მაღლარი იყო, და იგი, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა გურია-სამეგრელოს მაღლარებისგან, მათ შორის იმითაც, რომ ძირითადად ჭერმის ხეზე იყო ხოლმე გაშვებული. მესხეთი მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაული მხარეა საქართველოში, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა სწორედ მესხური წარმოშობის იყოს უძველესი ქართული ჯიშები საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვ.