შავი ზღვის სანაპირო ზონა
აჭარის, აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები იწყება ზღვის დონიდან 2-4 მეტრი სიმაღლიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე. ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილას ჭარბტენიანიც, ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით. გურია-სამეგრელოს რეგიონი მეღვინეობის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ გვხვდება. ეს რეგიონი გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული. აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ალადასტური, საკმიელა, ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში და სხვა. აფხაზეთი და აჭარა _ აფხაზეთი მეღვინეობის ისტორიულ მხარედ ითვლება. ვაზი აქ 400-დან 800 მეტრ სიმაღლემდე ხარობს ყველაზე კარგად. ადრეულ პერიოდში აქაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო მეღვინეობა, თუმცა, ჭრაქმა და ნაცარმა ძალიან ავნო ამ მხარეს. ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ. ადგილობრივი ჯიშების გარდა აფხაზეთში კარგ შედეგს იძლევა ცოლიკოური, ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა.
აჭარაში უკანასკნელ წლებში დაიწყეს ძველი ჯიშების აღდგენა და ცდილობენ აქტიურად მისდიონ მეღვინეობას. ისტორიული ჯიშებიდან აჭარაში ყველაზე მეტად ცნობილია: ბროლა, ხოფათური, კლარჯული, მეკრენჩხი, ბუტკო, კვირისთავა, შავშურა, ჯინეში, საწურავი, ბათომურა.