ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

გორული მწვანე

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

გორული მწვანე (სინ.: მწვანე, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე, თეთრფოთოლა, ქვიშხური, სურამულა) - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გაშენებულია, ძირითადად, ქართლის მევენახეობის რაიონებში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული გორული მწვანის ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და გემოთი. ქართლის მევენახეობის რაიონებში მის ყურძენს იყენებენ როგორც საკუპაჟე მასალას ცქრიალა ღვინის მისაღებად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა ქართლის მევენახეობის რაიონებში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,1-10,0 გ/ლ-ს. გორული მწვანისგან ჩინურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

ცოლიკოური

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

ცოლიკოური (სინ.: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამორჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,5 გ/ლ-ს. ცოლიკოურისაგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები „სვირი“ (ციცქასთან ერთად) და „ტვიში".

ციცქა

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

ციცქა (სინ.: შანთი, მამალი ციცქა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს, ახასიათებს მცენარეული ტონები. ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საქართველოში მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,9-10,5 გ/ლ-ს. ციცქასგან ცოლიკოურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლი­რე­ბა­დი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“.

კრახუნა

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

კრახუნა - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, კარგი გემოთი. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს. ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს განსაკუთრებული მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატითა და ხალისიანი მჟავიანობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5 გ/ლ-ს.

ქართული ღვინო