ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

რქაწითელი

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

რქაწითელი (სინონიმები: დედალი რქაწითელი, მამალი რქაწითელი, კოროლიოკი, გრუზინსკი, ხანლუგი, ასლუნგი და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საქართველოს უპირველესი ჯიშია ვენახების ფართობის მიხედვით ფართოდ გავრცელებულია კახეთისა და ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული, შემაგრებული ღვინოები და ღვინის ბრენდები. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში). ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-8,0გ/ლ-ს. რქაწითელი გამოიყენება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდენახი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“, „ტიბაანი“ და „ვაზისუბანი“.


მწვანე კახური

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში


მწვანე კახური (სინ.: მწვანე, ნაბადა მწვანე, მჭკნარა და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია. ევროპული წესით დამზადებული ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ნორმალურალკოჰოლიანი, მაღალჰარმონიული და ხალისიანი, ხილის მდიდარი ტონებით. კახური წესით დამზადებული ღვინო კი უფრო სხეულიანია, ენერგიული, რომელსაც სიძველეში ახასიათებს ნაზი ბუკეტი ხილის ძლიერი არომატით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-7,8 გ/ლ-ს. მწვანე კახური გამოიყენება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „მანავი“, „წინანდალი“,„კარდენახი“, „კახეთი“ და „ვაზისუბანი“.

ხიხვი

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

ხიხვი (სინ.: ჯანანურა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და გავრცელებულია კახეთის რაიონებში. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ხიხვის ღვინო ღია ჩალისფერია, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული და სასიამოვნო, ნაზი, ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული ღვინო მუქი ჩალისფერია, მეტი სხეულიანი, შინაარსით მდიდარი და მაღალი გემური თვისებების, მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატებით. ხიხვისაგან დამზადებული სადესერტო ღვინო განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, კახეთის ძირითად რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,5 გ/ლ-ს. ხიხვისგან რქაწითელსა და კახურ მწვანესთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინო „კარდენახი“.

ქისი

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

ქისი (სინ.: დამპალა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს.

ჩინური

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში

ჩინური (სინ.: კასპური, კასპური თეთრი, ატენური და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია ქართლიდან და ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ჩინურის ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია მოჩალისფრო შეფერვით, საკმაო სხეულითა და შინაარსით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება მცენარეული და ხილის ტონებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გორის მევენახეობის ზონაში (ტანას ხეობა) ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს. ჩინურისგან გორულ მწვანესთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

ქართული ღვინო