ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

2026 წლის 9 თვეში ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგები გაუმჯობესდა

ხარისხი

2026 წლის 9 თვეში ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგები გაუმჯობესდა
09.10.2026

2026 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა. 
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 45 კომპანიაში 251 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. საინსპექციო კონტროლის ფარგლებში აღებული 634 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ 70 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 323 ნიმუშიდან დარღვევა 9 კომპანიის 16 ნიმუშში გამოვლინდა.
სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, 5 კომპანიაში 15 შემოწმება ჩატარდა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოში წარმოებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. ხარისხის კონტროლის სისტემის მიზანია ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის რეპუტაციის შენარჩუნება.


ქართული ღვინო