ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური გაიმართა

ღვინის ტური

საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური გაიმართა
07.10.2026


ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
9-კაციანი ჯგუფის წევრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს  ქართლსა და იმერეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს. იმერეთში სტუმრებმა ღვინის მარნები ბაღდათის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში მოინახულეს. ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაალ ბოჟაძეს, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ქვევრის დამზადების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურად მათთვის გამართულ მასტერკლასში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.


ქართული ღვინო