ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პრემიერ-მინისტრი რთველის საკოორდინაციო შტაბში

რთველი

პრემიერ-მინისტრი რთველის საკოორდინაციო შტაბში
18.09.2014

დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანში, „რთველი 2014-ის\" საკოორდინაციო შტაბს ეწვია და ადგილზე გაეცნო შტაბის მუშაობას და რთველის მიმდინარეობას. \"დღევანდელი მონაცემებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო ბარაქიანი იქნება. ჩვენ დავიცავთ როგორც მეწარმის, ისე მევენახის ინტერესებს და გარწმუნებთ, რომ წლევანდელი რთველი შარშანდელზე უკეთესი იქნება\", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რთველი 2014-ის\" საკოორდინაციო შტაბში სტუმრობისას.

როგორც პრემიერს შტაბში განუმარტეს, კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 60 ათას ტონამდე ყურძენი. გლეხები ყურძენს რიგებისა და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, უპრეცედენტოდ მაღალ ფასებში აბარებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, მოხდა როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავსა და კახურ მწვანეზე - 15 თეთრს. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 91 მლნ ლარზე მეტი ყურძენი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რთველის წარმატება დიდწილად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, 2013-2014 წლებში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დასეტყვილ და გვალვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია იბარებს, რაც გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
\"წინა ხელისუფლება გლეხს ვაზის გაჩეხვას აიძულებდა. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარება მიზერულ ფასებში უწევდა. ჩვენი მონაცემებით, წელს ყურძნის ჩაბარების შედეგად თითოეულმა ოჯახმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო, ზოგ შემთხვევაში 100-200 ათასი ლარის ოდენობით. ეს ჩვენი ხელისუფლების სახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგია და რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას\",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა რუსეთის ბაზრის გახსნისა და ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში უახლოეს მომავალში ქართული ღვინის საფირმო მაღაზია გაიხსნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, „რთველი 2014-ის\" საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება. მიმდინარე წელს ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ხორციელდება ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც. რთველთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება დაინტერესებულ პირებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში სტუმრობის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღვინის ქარხანა „გრუზვინპრომი“ დაათვალიერა და ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი ქარხნის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც ღვინის სრული ანალიზი ტარდება. ქარხნის დირექტორის, დავით თოფურიძის განმარტებით, კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს, როგორც ღვინისა და საბრენდე სპირტის წარმოება, ასევე ყურძნის კონცენტრატის დამზადება წარმოადგენს. საწარმო აღჭურვილია იტალიური წარმოების DELLA TOFFOLA-ს ფირმის ყურძნის მიღება-გადამუშავების ხაზით.

როგორც ქარხანაში სტუმრობისას პრემიერმა განაცხადა, სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისობრივად განსხვავებული სისტემის დანერგვით, სახელმწიფომ სტიმული მისცა ღვინის ინდუსტრიას. ყოველ წელს კერძო სექტორი უფრო მეტი რაოდენობის ყურძნის გადამუშავებას ახორციელებს, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის განვითარებისა, ხოლო ფერმერებს ვენახების გაფართოების საშუალებას აძლევს.

“რაც მთავარია, დღეს ჩვენ გვაქვს გასაღების ბაზარი. ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგია, რომ ქართული ღვინო დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე. 2013 წელს ღვინის ექსპორტმა სულ 46,7 მლნ ბოთლი შეადგინა, და ეს ციფრი ორჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. მინდა გითხრათ, რომ ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული ღვინო