ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ტოკიოში გაიმართა

დეგუსტაცია

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ტოკიოში გაიმართა
12.08.2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridgeორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა.

ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში (Aoyama FarmersMarket), სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინო, ასევე, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს კერძები.

აოიამას ფერმერული მარკეტი ტოკიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფერმერული ბაზარია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციაზეა ორიენტირებული. მას ღვინის მომხმარებლებთან ერთად HoReCa სექტორის წარმომადგენლები და შეფ-მზარეულებიც სტუმრობენ.

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენის მიზანს იაპონელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის, ვაზის მრავალფეროვნებისა და მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიის გაცნობა წარმოადგენდა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ქართული ღვინო