ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ლონდონის ღვინის ფესტივალზე გაიმართა

დეგუსტაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ლონდონის ღვინის ფესტივალზე გაიმართა
19.06.2026

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში, ფესტივალზე The Ultimate CEE Wine Fairგაიმართა.

ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეღვინეებს აერთიანებს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასიც, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოები. მასტერკლასს მედიის, კომერციული და HoReCa სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანიას Swirl Wine Groupუძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 125 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.

ქართული ღვინო