- სიახლეები
- საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
ზოგადი
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საგაზაფხულო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, OIV-ის მსოფლიო კონგრესს საქართველო 2027 წელს უმასპინძლებს.
საქართველომ განაცხადი, 2027 წელს გამხდარიყო OIV-ის მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, ოფიციალურად 2025 წელს წარადგინა.
OIV-ის საგაზაფხულო სესიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება.
„OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანაა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს, ხოლო 2010 წელს - ორგანიზაციის მე-8 გენერალურ ასამბლეას.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევს ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებას, ღვინის წარმოებისა და ყურძნის გადამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და განვითარებას.