ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით“, - ქართული ღვინის წარდგენა შანხაიში გაიმართა

გამოფენა

„საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით“, - ქართული ღვინის წარდგენა შანხაიში გაიმართა
15.11.2025

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai,   ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს  ორგანიზებით, გაიმართა ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია სახელწოდებით ,,Georgia – Small Country with Big Treasures“  (საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით), რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი (Fongyee Walker) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები.
„ქართული ღვინის ბაზრების დივერისიფიცირების კუთხით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ზოგადად, ProWine-ის გამოფენების ციკლთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. აღნიშნული მასშტაბის და მნიშვნელობის გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო.
საერთაშორისო ფორმატის „ProWine” გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. „ProWine”-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,45 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) და „Interwine China 2025“. 
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

ქართული ღვინო