ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

4 ოქტომბერს ქართული ღვინის დღე აღინიშნა

ზოგადი

4 ოქტომბერს ქართული ღვინის დღე აღინიშნა
05.10.2015

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია 4 ოქტომბერს „ქართული ღვინის დღე“ აღინიშნება. წელს, საზეიმო ღონისძიებებმა მასშტაბური სახე მიიღო და თბილისის გარდა, თელავში, ქუთაისში, რუსთავსა და ამბროლაურში გაიმართა. ღვინის დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება წარმოადგენს.

,,ქართული ღვინის დღის“  ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. ცენტრის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ქართული ღვინის ცენტრში ერთიანდება მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახები და სასწავლო აუდიტორიები.

პრემიერმა მოსახლეობას ქართული ღვინის დღე მიულოცა და ღვინის უძველეს, უნიკალურ კულტურაზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა; რომ აქ, ამ მიწაზე, უკვე 8 ათასი წელია, იწარმოება ღვინო; ეს გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა\", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში შემონახულია ღვინის დაყენების, დაწურვის, შენახვის ტრადიციული მეთოდები და შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მთავრობის მეთაურმა ღვინის პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გააქტიურების შესახებაც ისაუბრა. პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა დელეგაციას ჩინეთიდან, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე გამკაცრდა და კიდევ უფრო გამკაცრდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რათა ქართული ღვინო მაქსიმალურად იყოს დაცული ფალსიფიცირებისგან.

„ჩვენს პატარა მიწაზე, ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობს და მინდა, აქვე განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოენახებათ 500-ზე მეტი ქართული სახეობის ვაზი. წლების განმავლობაში, როდესაც წინა მთავრობა ფაქტობრივად არ აქცევდა ყურადღებას მეღვინეობის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილმა, საგურამოში, დააფუძნა ულტრათანამედროვე, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი არის ინვესტირებული, შექმნილია თანამედროვე ლაბორატორია და იქ არის 800-მდე სახეობის ვაზის უნიკალური ჯიში, მათ შორის 500-მდე ქართული და 300-მდე ევროპული ჯიშის ვაზის ნერგი. ბატონმა ბიძინამ ეს მეურნეობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ეს დიდი საქმე\", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის 150 მილიონ ლარამდე, ხოლო ღვინის ექსპორტიორ კომპანიებზე 40 მილიონი დოლარის სესხი გაიცა. სახელმწიფომ დააფინანსა 20 ახალი საწარმო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, ასევე დაფინანსდა არსებული ქარხნების გაფართოება, რაც  მოსავლის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია.

„ეს არის სერიოზული დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის და ამ დარგს სჭირდება სერიოზული ხელშეწყობა\", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ჯიშის, უნიკალური ქართული, მათ შორის აფხაზური ყურძენი და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინო დააგემოვნა და საზეიმო ღონისძიების მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ვარდების მოედანზე მოეწყო ღვინის აღლუმიც - ქართული 525 ვაზის ჯიშით მოხატულ მაისურებში ჩაცმული მოხალისეების მსვლელობა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა კონცერტიც.

 

ქართული ღვინის დღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება.

ქართული ღვინო