ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მინისტრის მოადგილე ყურძნის გადამუშავების პროცესს გაეცნო

ზოგადი

მინისტრის მოადგილე ყურძნის გადამუშავების პროცესს გაეცნო
24.09.2015

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში რთველი 2015-ის ფარგლებში, ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს მთელი ღამის განმავლობაში ეცნობოდნენ.

მინისტრის მოადგილე ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კომპანიების - სს „თბილღვინო“, შპს „წინანდალი - 21-ე საუკუნის საუკეთესო ღვინოები“, შპს „ქინძმარაული ყვარელი“, შპს „კოტეხის ღვინის ქარხანა“ და სს „გურჯაანი 1929“ - საწარმოებში იმყოფებოდა და მოსახლეობისგან ყურძენს მიღების პროცესს დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, რაც ბუნებრივად განაპირობებს ღვინის კომპანიებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა ნაკადის ზრდას. 

“რთველი 2015-ის შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, მოვინახულეთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული რამდენიმე საწარმო, სადაც მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი. რთველი აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად საწარმოებთან არის რიგები. ეს რთველის თანმდევი პროცესია. იმ რესურსებით, რაც დღეს სახელმწიფო და კერძო სექტორს გააჩნია, ჩვენ ვერ ავიცილებთ რიგებს. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ყურძნის გადამუშავება მოხერხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ორგანიზებული და კონტროლირებადი და არ იყოს შეფერხება. მთავარია ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის მოადგილე რთველის მიმდინარეობის შესახებ ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და ღვინის საწარმოების ხელმძღვანელებსაც გაესაუბრა. 

რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. 24 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს გადააჭარბა.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ვებგვერდი www.rtveli2015.gov.ge.

ქართული ღვინო