ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება

რთველი

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება
03.10.2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  განცხადება გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.
 „ჩვენი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას და მათ შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რთველის პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობა, მეტი სტიმული მივცეთ კერძო საწარმოებს, სრულად შეიძინონ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძენი და სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში მინიმუმამდე შემცირდეს. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა  1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის - 4 ლარის ოდენობით. როგორც კახეთის, ისე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველი ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაივლის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 
აღსანიშნავია, რომ რთველი რაჭის რეგიონში ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება და პროცესში 30-მდე კომპანია იქნება ჩართული. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 1500-1700 ტონის ფარგლებშია. რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

ქართული ღვინო