ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ქართული ღვინის გაყიდვები ბრიტანეთში თითქმის ათჯერ გაიზარდა და, ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება”

ღვინის ტური

ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ქართული ღვინის  გაყიდვები ბრიტანეთში თითქმის ათჯერ გაიზარდა და, ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება”
21.06.2022

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი  სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით განხორციელდა.
ტურის ფარგლებში, სტუმრები  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.
ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.
„ვიზიტის მიზანია, გავაცნოთ ჯგუფის წარმომადგენლებს ქართული ღვინო. ჩვენ გვქონდა ტური, რომელიც დაიწყო თბილისში, სადაც ჩვენ გავეცანით საქართველოს ისტორიის კულტურულ ასპექტებს; ვიმოგზაურეთ რეგიონებში, სადაც ვეწვიეთ არაერთ მცირე საოჯახო, საშუალო თუ შედარებით დიდ ღვინის მარნებს. როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი ტური გამოვიდა ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის, სამზარეულოსა და, რა თქმა უნდა, ღვინის თანხლებით. ღვინოები მართლაც შთამბეჭდავი იყო, აღსანიშნავია, რომ ხარისხი მუდმივად უმჯობესდება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ქართული ღვინის  გაყიდვები ბრიტანეთში თითქმის ათჯერ გაიზარდა და ვიმედოვნებთ რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება”, - აღნიშნა „Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ღვინით ვაჭრობის  კომპანიის (House of Townend) წარმომადგენლის, ჯონ ტოუნენდის განცხადებით, ქართულ ღვინოს ბრიტანეთის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.
 „ინგლისში ღვინით ვაჭრობის  ერთ-ერთი კომპანიის მფლობელების მეოთხე თაობას წარმოვადგენ და ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. აღფრთოვანებული ვარ არაჩვეულებრივი ადგილების ხილვით და ადგილწარმოშობის ჯიშების მრავალფეროვნებით, ისინი ძალიან საინტერესო და უნიკალურია და, ჩემი აზრით, მათ დიდი პოტენციალი აქვთ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე. ერთი სული მაქვს, როდის წავიღებ ქართულ ღვინოს ლონდონში და დავიწყებ მათ რეალიზაციას. დარწმუნებული ვარ, ამ ღვინოების წარმატებაში“, - აღნიშნა ჯონ ტოუნენდიმ.
ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია.

ქართული ღვინო