ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

2021 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყანაში, 80-ზე მეტ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი

გამოფენა

 2021 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყანაში,  80-ზე მეტ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი
08.02.2022

მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო, 2021 წელს, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირების, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგული კამპანიას ახორციელებდა.  გასულ წელს, ქართული ღვინო, წარმოდგენილი იყო 77 დეგუსტაციაზე, 3 ფესტივალზე, 2 გამოფენასა და 2 „ქართული ღვინის ფორუმზე“ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მონაკო, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი,  ლიეტუვა, ლატვია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნულ ქვეყნებში გამართულ ღონისძიებებზე წარსადგენად, 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებები გაიმართა საქართველოშიც: „ახალი ღვინის ფესტივალი 2021“, WinExpo Georgia 2021 და საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი.
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამას, ღვინის ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, 2013 წლიდან ახორციელებს. შედეგად, მთელი ამ წლების განმავლობაში, მუდმივად მზარდია ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი - 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, ხოლო ჯამში, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული იყო 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქართული ღვინო