ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

ვენახების კადასტრი

ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო
10.12.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას და საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების „მევენახე-მეღვინე” კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
 ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2014 წელს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების საკადასტრო სისტემის შექმნა დაიწყო. კადასტრის სისტემის კონცეფციის შემუშავებაში  სააგენტოს, გერმანიის მთავრობის სახელით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ).
 „ვენახების კადასტრი მნიშვნელოვანი ელემენტია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლისთვის და, ზოგადად, დარგის განვითარებისთვის. კადასტრი მოიცავს ელექტრონულ ინფორმაციას როგორც მევენახეთა, ისე ვენახების აგრონომიულ მონაცემთა შესახებ. ვფიქრობ, მევენახეობის კადასტრის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის სექტორის განვითარებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდისთვის. კადასტრი ხელს შეუწყობს კანონმდებლობის სრულად განხორციელებას, რომელიც ევროპასთან თანამშრომლობით, ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის შექმნის მიმართულებით გერმანიასა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა.  კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებისა და სისტემის ამუშავების მიზნით არაერთი აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დუალური პროფესიული განათლების მონაწილეების დაჯილდოვების ცერემონიას დაეთმო. სწავლების სამწლიანი კურსი წარმატებით დაასრულა 25-მა სტუდენტმა. კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ღვინის სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დარგში პროფესიონალი კადრების მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„მევენახე-მეღვინეს“ პროფესიული პროგრამა 2016 წელს დამტკიცდა და ის საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების პროგრამაა, რადგან ამ პროგრამის სწავლის შედეგების 60%-ის მიღწევა ღვინის კომპანიებში ხდება. პროგრამის მოდულები და სწავლის შედეგები კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად არის განსაზღვრული.
დღეისათვის, პროგრამას სამი კოლეჯი ახორციელებს 35-მდე ღვინის კომპანიასთან ერთად. 80-მდე ახალგაზრდა სწავლის პროცესშია. საქართველოს ღვინის ასოციაცია ამ პროგრამის განხორციელების და კოორდინაციის მხარდამჭერია.
 პროგრამისათვის შემუშავდა რამდენიმე თანამედროვე სახელმძღვანელო, ესენია: „მევენახეობა”, „მეღვინება”, „ღვინის ლაბორატორიული ანალიზები”, „სურსათის უვნებლობა მარნებისათვის” და სხვა.

ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული ღვინო