ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება ფიქსირდება

ზოგადი

ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება ფიქსირდება
12.07.2016

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით 0,78 დოლარით ანუ 25%-ით ნაკლებია. 

ასევე შემცირდა 1 ბოთლი ბრენდის საშუალო საექსპორტო ფასიც. კლებამ ამ შემთხვევაში ერთ ბოთლზე 0,87 დოლარი ანუ 27% შეადგინა.

2012 წელს 1 ბოთლი (0,75 ლ) ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი იყო 3.07 აშშ დოლარი, 2013 წელს - 3.03, 2014 წელს - 3.13, 2015 წელს - 2,72 და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით - 2.35 აშშ დოლარი. ანალოგიური კლების ტენდენცია ფიქსირდება საბრენდე სპირტისა და ბრენდის ფასებზეც. საბრენდე სპირტი - 2012 – 5.91, 2013 – 3.88, 2014 – 3.18, 2015 -2.98 და 2016 წლის 6 თვე - 2.71 აშშ დოლარი; ბრენდი - 2012 – 3.22, 2013 – 3.02, 2014 – 3.17, 2015 -2.56 და 2016 წლის 6 თვე - 2.29 აშშ დოლარი. 

2012-2015 წლებში დაფიქსირებული საშუალო ფასი ღვინის შემთხვევაში შემცირდა 0,65 აშშ დოლარით, საბრენდე სპირტის - 1.32 და ბრენდის 0.72 აშშ დოლარით.

მიუხედავად საშუალო საექსპორტო ფასების კლებისა, ექსპორტის რაოდენობის მატების ხარჯზე, საერთო შემოსავალი თანხაში 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შემთხვევაში.

2016 წლის პირველ ნახევარში, ქართული ღვინის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 148% (1 884 665), უკრაინა - 82% (2 286 977), რუსეთი - 56% (10 198 085), ბელარუსი - 96% (462 547), ლიტვა - 31% (260 064), პოლონეთი - 34% (1 070 454), ესტონეთი - 64% (331 884), ყირგიზეთი - 89% (149 666), გერმანია - 55% (166 636), კანადა - 16% (96 300), დიდი ბრიტანეთი - 43% (58 366) და სხვა. 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა -2 286 977 ბოთლი; ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი.

ქართული ღვინო