ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის საწარმოებთან რიგები აქტიური მუშა პროცესია, მთავარია, ორგანიზებული მართვა - ოთარ შამუგია

რთველი

ღვინის საწარმოებთან რიგები აქტიური მუშა პროცესია, მთავარია, ორგანიზებული მართვა - ოთარ შამუგია
21.08.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ რაოდენობას, 300 ათასამდე ტონას აღწევს.
„ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. რთველის პროცესში, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ  ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. მთავარია, რომ საკოორდინაციო შტაბის მხრიდან მოხდება რიგების ორგანიზებული მართვა. ჩვენი ამოცანაა, რომ  რიგი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული,  მევენახეებს არ მოუწიოთ ლოდინი რამდენიმე დღე და მოსავლის დაბინავება შეძლონ ერთი დღის განმავლობაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოებთან რიგების ორგანიზებულ მართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვენახების კადასტრის პროგრამა. კერძოდ, ღვინის საწარმოში წინასწარ წარდგენილი ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე, კომპანია ყურძნის ჩამბარებელ მევენახეს დაარეგისტირებს კონკრეტული დღეს, რაც ღვინის მწარმოებლებს რიგების ელექტრონული მართვის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. 

ქართული ღვინო