ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება

საკანონმდებლო

ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და  ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები  ხორციელდება
06.07.2021

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები ღვინის ახალი კატეგორიების, „დეალკოჰოლიზებული ღვინის“ და ღვინისეული სასმელის დამატებას ითვალისწინებს. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ტერმინთა განმარტებას დაემატა ახალი პროდუქტები: „ღვინისეული სასმელი“ - ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი  სასმელი, რომლის მოცულების არანაკლებ 50%-ისა შედგება ღვინისაგან, სპირტშემცველობა კი 3,5%-დან-14,5%-მდეა და „დეალკოჰოლიზებული ღვინო“ - ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით და სპირტშემცველობა  0,5%-დან 15%-მდეა.
კანონში შესული ცვლილებები ეხება ბრენდსაც; მასში სპირტშემცველობის დაშვებული მაჩვენებლი არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები, ნაცვლად დღემდე დადგენილი 37.5%-ზე ნაკლებისა.
ცვლილებებით, 2023 წლის 1 იანვრიდან, ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო ხდება ყველა ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება. დღემდე, ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ნებაყოფლობით იყო.
ამასთან ერთად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით,  დაზუსტდა ადმინისტრაციულ სახდელთა ოდენობა. კოდექსში ცვლილებით კონკრეტდება ამ სფეროში საჯარიმო სანქციების ოდენობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას ემატება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.

ქართული ღვინო