ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კონკურენტუნარიანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების მიზნით, არსებულ საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებები შევიდა

საკანონმდებლო

კონკურენტუნარიანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების მიზნით, არსებულ საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებები შევიდა
18.02.2020

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების მიზნით, არსებულ საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებები შევიდა. 
კერძოდ, ღვინისა და ასევე ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში შესული ცვლილებები  სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად.
მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება. კერძოდ, ალკოჰოლიანი სასმელების წარმომავლობის დასადგენად, უმთავრესია ნახშირბადის იზოტოპების C13 და C12 თანაფარდობის განსაზღვრა. სწორედ ამ კონკრეტული იზოტოპების თანაფარდობის შედეგზე დაყრდნობით, შესაძლებელია განისაზღვროს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის, რაც იძლევა  ფალსიფიკაციის გამოვლენის შესაძლებლობას. ალკოჰოლური სასმელების ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე, აღნიშნული შემოწმების დროს, ქართული მხარე სარგებლობდა ევროკავშირისა და საექსპორტო ქვეყნის შესაბამისი რეგულაციებით.  
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და  ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოები (ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა, ტვიში) ნამდვილად ბუნებრივად ნახევრად ტკბილია, თუ  ხელოვნურადაა დამტკბარი.
ამასთან, ყურძენში ბუნებრივად არსებული საქაროზა ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოში  1 გ/ლ-ზე მეტი არ უნდა იყოს.  ამ მაჩვენებლისაგან განსხვავებული შედეგის  შემთხვევაში ივარაუდება, რომ ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი. 
ზემოთ აღნიშნული ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკური რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ქართული ღვინო