ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან

ზოგადი

შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან
28.06.2016

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიაონინგის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციას ლიაონინგის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ზაო ჰუა მინგი ხელმძღვანელობდა. 

ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველო - ჩინეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცენტრების გახსნა მნიშვნელოვანია. 

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, მზადყოფნა გამოთქვა ქართულმა მხარემ ლიაონინგის პროვინციაში, რომლის მოსახლეობა 43 მლნ-ს შეადგენს, ქართული ღვინის დეგუსტაციები და პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართოს.

ვიცე გუბერნატორმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათთვის საინტერესოა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ეს დარგი, განსაკუთრებით კი სასათბურე მეურნეობები, ლიაონინგის პროვინციაში მნიშვნელოვნად განვითარებულია. ვიცე გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. 

შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოში ღვინის კულტურის, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიისა და ექსპორტის მაჩვენებლების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის კუთხით მუდმივ მხარდაჭერას, რაც სამელიორაციო ტექნიკის გადმოცემას, ასევე სასწავლო-სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს.შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთეირთიობის დეპარტამენტის თავმჯდიომარე ირაკლი ჩოლობარგია დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიაონინგის პროვინციის დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის მუზეუმი, სადეგუსტაციო ოთახები, ენოთეკა და მარანი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.

 

ქართული ღვინო