ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით - რუდოლფ კნოლი

გამოფენა

გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით - რუდოლფ კნოლი
13.12.2019

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.
პრეზენტაციას  გერმანული ღვინის ჟურნალის „VINUM”-ის მთავარი რედაქტორი და ღვინის ცნობილი ექსპერტი რუდოლფ კნოლი უძღვებოდა. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, დარგის ექსპერტები, იმპორტიორები და მედია-ექსპერტები ესწრებოდნენ. 
პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა  და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა.
რუდოლფ კნოლის შეფასებით, გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია  ძალიან მნიშვნელოვანია. 
„გერმანია არის ღვინის ქვეყანა და ძალიან კარგი ბაზარი. იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ გერმანიაში შემოსვლა და თავისი თავის წარდგენა, არა მხოლოდ კარგი ღვინო უნდა წარადგინონ, არამედ ძალიან  კარგი პრეზენტაციაც უნდა გაუკეთონ საკუთარ ქვეყანას. საქართველოს საამისოდ ყველანაირი შანსი აქვს. დღეს წარმოდგენილი საზოგადოება იყო მედიის სფერო და სომელიეები, ყველა იყო აღფრთოვანებული, იმით  რაც  გასინჯეს და მოისმინეს. ძალიან მოეწონათ საფერავის ჯიში, რომელსაც გერმანიაში არ იცნობენ.  საფერავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გერმანულ ბაზარზე, თავისი უძველესი ისტორიიდან გამომდინარე. ვფიქრობ რომ საქართველო თუ განაგრძობს თავისი ქვეყნის ასეთ პრეზენტაციას ევროპის ბაზარზე, ეს ძალიან წარმატებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა გერმანელმა ღვინის ექსპერტმა.

პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, ასოციაციის "ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე დაესწრნენ.

გერმანია ქართული ღვინის მზარდ და მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია  615 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

ქართული ღვინო