ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის მორიგი ოქროს მედალი

ზოგადი

ქართული ღვინის მორიგი ოქროს მედალი
16.11.2015

15-17 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში ტარდება ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა „Interwine Guangzhou 2015”. აღნიშნულ გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს 9 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „ბესინი“, „ასკანელი ძმები“, „ბაგრატიონი 1882“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „თელავის ღვინის მარანი“ და „ბატონო“.

გამოვლინდა „Interwine Guangzhou 2015”-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ღვინოები - 5 ქვეყნის  16 საუკეთესო ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა. მათ შორის იყო ქართული ღვინის კომპანიის „თელედას“ ქვევრის ღვინო - „თელედა - ქარვისფერი მშრალი“, 2011 წლის მოსავალი.

სულ კონკურსზე წარმოდგენილი იყო 23 ქვეყნის 183 კომპანიის ღვინოები.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ქართულ ღვინის სემინარსა და  დეგუსტაციას გამართავს.

გამოფენა „Interwine Guangzhou 2015” ითვლება ყველაზე მასშტაბურ პროფესიონალურ გამოფენად ჩინეთში, რომელიც წარმოაჩენს  ღვინის ინდუსტრიის პროგრესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოფენა დაარსდა 2005 წელს და პროფესიონალი იმპორტიორებისთვის ნამდვილ ღვინის დღესასწაულად იქცა. გამოფენას საქმიანი კონტაქტი აქვს 72 ქვეყნის ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან. საგამოფენო სივრცე განთავსებულია 50 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე და მასში ტრადიციულად მონაწილეობს 2 ათასამდე კომპანია და ესწრება დაახლოებით 50 ათასამდე დამთვალიერებელი.

ქართული ღვინის წარმატება ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით დაფიქსირდა  ექსპორტის მკვეთრი,  87%-იანი მატება. განვლილი 10 თვის მანძილზე ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ქართული ღვინო