ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ტური კახეთში

ზოგადი

ღვინის ტური კახეთში
12.09.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი (აშშ) და კომპანიის წარმომადგენლები, ღვინის პროფესიონალები საქართველოს სტუმობდნენ.

ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს 7-8 სექტემბერს კახეთში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გამართულ ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმში. შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიები: \"ბადაგონი\", \"ალავერდის მონასტრის მარანი\", GWS, \"შუხმან ვაინს ჯორჯია\", \"თელავის ღვინის მარანი\", \"თელედა\", \"მეღვინეობა ხარება\", \"ლაგვინარი\", \"თბილღვინო\", \"შატო მუხრანი\" და \"იაგოს ღვინო\".

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს კერძები, გაცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას.

ვიზიტის დროს ლიზა გრანიკმა აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ოქტომბრის თვეში კომპანია „Tastingwork” ამერიკაში აქტიურ პიარ-კამპანიას ჩაატარებს. კერძოდ, 6 ოქტომბერს ნიუ-ორკში, 13 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში და 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები, სადაც წარმოდგენილი იქნება 22 ქართული - როგორც დიდი ღვინის კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინოები. 

აღნიშნული ორგანიზაციის ინტერნეტ საიტზე მითითებულია, რომ ოქტომბერი  იქნება ქართული ღვინის თვე. http://www.drinkgeorgianwines.com/

ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში მეტი მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ამ ქვეყნის ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.

 

 

 

ქართული ღვინო