ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

უპილოტო საფრენი აპარატით კახეთში ვენახების აეროფოტოგადაღებები მიმდინარეობს

ზოგადი

უპილოტო საფრენი აპარატით კახეთში ვენახების აეროფოტოგადაღებები მიმდინარეობს
27.07.2015

ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთში, ყვარლის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების აეროფოტოგადაღებები მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი - ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და ამ მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელს კახეთში აგრძელებს.

ყვარლის რაიონში კადასტრის პროგრამით გათვალისწინებული სამუშოები - აეროფოტოგადაღები, ალფანუმერეული ინფორმაციის შეკრება მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშების დადგენის და სხვა მახასიათებლების ჩათვლით - მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულება. საკადასტრო სამუშაოებს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული შპს „რუკა მაპინგი“ ახორციელებს, რომელმაც ანალოგიურ სამუშაოები გასულ წელს რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში შეასრულა.

საკადასტრო სამუშაოების მიმდინარეობას გერმანიის თანამშრომლობის პროექტის (GIZ) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი მევენახეობის კადასტრის საკითხებში ანა იზაბელ ლუჟი გასულ კვირას ადგილზე გაეცნო. ანა იზაბელ ლუჟი ერთი წლის განმავლობაში ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან  ვენახების კადასტრის აგების საკითხებში თანამშრომლობს.

შპს „რუკა მაპინგის მიერ 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონში შესრულებული სამუშაოებით დადგინდა, რომ რაჭაში დღეისათვის არსებობს 572,3 ჰა ვენახი, რომელიც 5510 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და ეკუთვნი უმეტესად კერძო მეურნეებს. ვენახების უმეტესობა გაშენებულია ამბროლაურის რაიონში. ლეჩხუმში  (ცაგერის რაიონი) დღეისათვის არსებობს 233.0 ჰა ვენახი, რომელიც 2871 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და რაჭის მსგავსად, აქაც ეკუთვნით უმეტესად კერძო მეურნეებს. ვენახების ჯიშობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის შესახებ მონაცემები ამჟამად დამუშავების სტადიაშია.

ზოგადად, ვენახების კადასტრის პროგრამა მოიცავს ვენახების ფართობების აღრიცხვას, რეგისტრაციას, პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების/საზღვრების დაზუსტებასა და მევენახეობის კადასტრის წარმოებას. ვენახების პასპორტიზაცია და კადასტრის წარმოება აქამდე საერთოდ არ განხორციელებულა. კადასტრის ერთიანი სისტემა წარმოაჩენს ვენახებისა და ღვინის ხარისხობრივი მდგომარეობის დინამიკას. მევენახეებს პასპორტების საშუალებით  მარტივად შეეძლებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, უფრო გამარტივდება ყურძნის ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.

 

 

 

ქართული ღვინო