ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის პუპულარიზაციის სამი ობიექტი ერთდროულად გაიხსნა

ზოგადი

ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის პუპულარიზაციის სამი ობიექტი ერთდროულად გაიხსნა
23.07.2015

ჩინეთში ქართული ღვინის  ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა კომპანიამ (Xinjiang Beifangjianda Trade Co. LTD) სინძიანის პროვინციის ქალაქ ხორგოსში, ყაზახეთი-ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში „ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დაბაზი“, ხორგოსის ცენტრალურ მოედანზე „ქართული ღვინის სალონი“ და ქალაქ ინინში „ქართული ღვინის კლუბი“, ერთდოულად გახსნა.  

ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის ობიექტები თავად კომპანიის ხელმძღვანელმა, თონგ ძიენ შენიმ (TON JIAN SHEN) გახსნა. საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ღვინის ერონული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მაია ცქიტიშვილი, ქალაქ ხორგოსის მერი ბატონი იანგი, ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი, ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია. 

„ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დაბაზის“  6 ოთახი 400 კვ.მ-ზეა განლაგებული და დატვირთულია ქართული ღვინის ისტორიულ-კულტურული ნიმუშებით, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო მასალით, რაც უნიკალური საშუალებაა ჩინელ მომხმარებელში ქართული ღვინისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად. გახსნის დღეს აღნიშნულ ობიექტს უკვე 80-მდე ადგილობრივი სტუმარი ეწვია.

ხაზგასასმელია, რომ ქალაქი ხორგოსი ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვარზე მდებარეობს და თავისუფალ ეკონომიკურ ზონადაა გამოცხადებული, რომლის სამომავლო განვითარების გეგმები და მიზნები აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გრანდიოზულია.

ხორგოსის თავისუფალ სავაჭრო ზონაში 2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში ვიზიტორთა რაოდენობამ 600 000 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრის სრულად დატვირთვის შემთხვევაში “ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დაბაზის“ ვიზიტორთა რაოდენობა დღეში საშუალოდ 4-5 ათასს მიაღწევს. 

ხორგოსის „ქათული ღვინის სალონი“ უნიკალურია არა მარტო ქართულ ღვინისა და კულტურის ექსპოზიციით, არამედ იმით, რომ ჩინელ მომხარებელს ქართულ ღვინოსთან ერთად შეუძლია სხვა ქართულ პროდუქციასაც გაეცნოს: თაფლი, ჩაი, წყალი, ჩურჩხელა, ჯემი, მურაბა და სხვა. მსგავსი სახის ობიექტების არსებობა და სიმრავლე ჩინეთში ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა. 

თონგ ძიენ შენის მიერ სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში არაერთი ქართული ღვინის კლუბი, სალონი თუ მუზეუმია გახსნილი, რომელთა ინტერიერებიც ჩინეთში ცნობილი დიზაინერის  კან იონგ ძუნის (Kang Yong Jun) მიერ არის შექმნილი. აღსანიშნავია, რომ მის მიერ ქართული ღვინის კლუბისა და მუზეუმის ინტერიერის დიზაინებმა ჩინეთში გამართულ კონკურსზე  2014 წლის საუკეთესო ინტერიერის დიზაინის ჯილდო მიღო. (დეტალურად იხილეთ: http://mp.weixin.qq.com/s?__biz=MzA3MTU0NTYxMQ==&mid=204566733&idx=1&sn=818df46671dd144aa22d53ae0cd079e9rd )

წლის ბოლოს თონგ ძიენ შენი ურუმჩის ცენტრალურ ქუჩაზე კიდევ ერთი ქართული ღვინის საპრომოციო ობიექტის გახსნას გეგმავს, რომლის ინტერიერზე უკვე ცნობილმა დიზაინერებმა დაიწყეს მუშაობა. 

ქართული ღვინის ექსპორტისთვის აღმოსავლეთ აზიის, მათ შორის, ჩინეთის ბაზარი, ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. ეს ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და პოლონეთის შემდეგ. 2015 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 760 ათასამდე ბოთლი (0,75) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება.

 

 

ქართული ღვინო