ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნა პეკინში

ზოგადი

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნა პეკინში
15.07.2015

პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. ქართული ღვინის პოპუალარიზაციის ცენტრი პეკინში ჩინეთის კვებისა და ალკოჰოლის ეროვნული კვლევის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული. ცენტრს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ადამ ჰუანგი უხელმძღვანელებს, ხოლო კოორდინაციას საქართველოდან ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი მაია ცქიტიშვილი გაუწევს.

ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, საქართველოს ოფიციალური დელგაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტონგუაი ცუ და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის პრეზიდენტი იანცაი ვონგი ესწრებოდნენ.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ისტორიულად აგრარული ქვეყნებია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, რომელსაც ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენ მზად ვართ ჩინეთის მხარეს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ქართული ღვინის პოპუალარიზაციის ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ასეთი ცენტრების არსებობა ქართული კულტურის და მათ შორის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, რაც სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტონგუაი ცუმ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

სოფლის მეურნეობა ჩინეთისთვის, ისე როგორც საქართველოსთვის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ძირითადი პლატფორმაა. ჩვენ მზად ვართ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში საქართველოსთან ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით. ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ფორმატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტონგუაი ცუმ.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნაზე ღვინის მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი, ბრიტანელი ფუნიე ვონგი უძღვებოდა. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას ესწრებოდნენ იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წამომადგენლები.

ქართული ღვინო