ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინო ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე

ზოგადი

ქართული ღვინო ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე
17.01.2015

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას \"მწვანე კვირეული 2015\"-ს (Gruene Woche 2015) ესწრება, სადაც სხვა პროდუქციასთან ერთად, ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელებიცაა წარმოდგენილი. დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბერლინის საერთაშორისო გამოფენა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენაზე Gruene Woche მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების რიცხვი 400 ათასს აღემატება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი და ქართული სამზარეულო -დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ.

Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „ლომისი“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო. Gruene Woche -ზე ქართულ შემოქმედებას ანსამბლი „შვიდკაცა“ წარმოადგენს და გამოფენის სტუმრებს ტრადიციულ ქართულ მრავალხმიან ფოლკლორულ სიმღერას გააცნობს.

გამოფენის ფარგლებში, გაიმართება მინისტერიალიც, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრება. სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტში მონაწილეობას 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი მიიღებს.

Gruene Woche -ს ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამართავს მიღებას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება მიეცემათ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უნგრეთის, თურქეთის, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია.

სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა Gruene Woche 2015 ქ. ბერლინში 16-25 იანვარს იმართება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

ქართული ღვინო