ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ჟან მარი ორანის ვიზიტი საქართველოში

ზოგადი

ჟან მარი ორანის ვიზიტი საქართველოში
03.06.2015

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჟან მარი ორანი (Jean Marie Aurand) 3 ივნისს  სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. 

5-7 ივნისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-8 საერთაშორისო გამოფენა ,,WinExpo Georgia 2015’’. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია „ექსპო  ჯორჯია“ და იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  ტარდება. გამოფენის ფარგლებში, 5-6 ივნისს, OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსი  “International Wine Competition” ჩატარდება. კონკურსის ჟიურიში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები, ენოლოგები, ასევე ცნობილი ღვინის ჟურნალისტები. (Jean Marie Aurand, Tim Atkin, John Salvi, Felicity Carter, Joel Brian Payne, Leslie Joan Gevirtz).

ჟან მარი ორანთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გამართა.

შეხვედრაზე საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე იმსჯელეს.

როგორც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო OIV- ის აქტიური წევრია. OIV-ის ოფისში წელს უკვე მეორედ ჩატარდა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც 15-ზე მეტი ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი და ქართულ ღვინოებს დიდი წარმატება ჰქონდათ.

„საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა. 500-ზე მეტი ავტოქთონური ჯიშით, რაც მდიდარ გენეტიკურ რესურს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ღვინის დაყენების თქვენი, ადგილობრივი მეთოდები. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ღვინის სააგენტოს, რომელიც აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარებაში და, შედეგად, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო მატულობს. საქართველოში ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსში “International Wine Competition” მივიღებ მონაწილეობას. აღნიშნული კონკურსი OIV-ის სტანდარტითა და პატრონაჟით ტარდება და შედის იმ საერთაშორისო კონკურსების სიაში, რომელიც მსოფლიოში OIV-ის პატრონაჟით ტარდება“, - განაცხადა ჟან მარი ორანმა.

იმავე დღეს ჟან მარი ორანი ეწვია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობას და ღვინის კომპანია „შატო მუხრანს“.

 

ქართული ღვინო