ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ვენახების კადასტრის ექსპერტის ვიზიტი

ზოგადი

ვენახების კადასტრის ექსპერტის ვიზიტი
15.05.2015

ღვინის ეროვნულ სააგენტოში 13-14 მაისს სამუშაო ვიზიტით  გერმანიის თანამშრომლობის პროექტის (GIZ) მიერ მოწვეული ექსპერტი, პორტუგალიის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტის თანამშრომელი, ანა იზაბელ ლუჟი იმყოფებოდა. 

ანა ლუჟი მუშაობს პორტუგალიაში ვენახის კადასტრის საკითხებზე და აქვს დიდი გამოცდილება მევენახეობისა და მეღვინეობის კადასტრის მიმართულებით, რაც წარმოადგენს საქართველოს მევენახეობის კადასტრის აგების საფუძველს და ექსპერტის კონსულტირების მიზანს.

ანა ლუჟი სააგენტოში უკვე მეორე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამჯერად ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit GmbH) საქართველოს ოფისში და ღვინის ეროვნულ სააგენტოში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს საქართველოში ვენახის კადასტრის აგების საკითხებზე, GIZ-ის და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს ექსპერტმა გააცნო საკუთარი მოსაზრებები რაჭა-ლეჩხუმში განხორციელებულ საკადასტრო სამუშაოების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდგომი საკადასტრო სამუშაოების დროს, ასევე გაეცნო  სამომავლო გეგმებს. მხარეების მიერ ერთობლივად დაიწყო მუშაობა მევენახეობის კადასტრის სისტემის კონცეფციის შესამუშავებლად. 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის - ვენახების კადასტრის დანერგვა 2014 წელს დაიწყო. ჩატარებული სამუშაოებიდან დადგინდა, რომ რაჭაში დღეისათვის ვენახების ფართობი შეადგენს 572,3 ჰა-ს, რომელიც 5510 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და ეკუთვნის უმეტესად კერძო მეურნეებს. მიმდინარე წელს საკადასტრო სამუშაოები დასრულდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და დაიწყება კახეთში.

 

ქართული ღვინო