ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 7 თვის მონაცემები

ექსპორტი

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 7 თვის მონაცემები
05.08.2017

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.   საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„შვიდი თვის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მოიმატა, 52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 80% (4 462 631), რუსეთი - 86% (23 740 750), უკრაინა - 41%(3 653 334), პოლონეთი - 20% (1 427 458), ლატვია - 27% (830 852), ბელარუსი - 42% (814 022), აშშ - 89% (236 012), გერმანია - 34% (234 000), ისრაელი - 202% (127 334), საფრანგეთი - 450% (95 530),  აზერბაიჯანი - 170% (102 342) და სხვა.  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.  

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 028 493, „წინანდალი“ – 1 468 126, „ახაშენი“ – 751 261, „ხვანჭკარა“ – 389 360, „ტვიში“ – 157 064, „ნაფარეული“ – 111 612 და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  18,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  89%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 102 402 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 106% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  283 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 49%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა.

 
ფოტო

ქართული ღვინო