ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შეხვედრა მეწარმეებთან

ზოგადი

შეხვედრა მეწარმეებთან
08.05.2015

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების ახალი წესების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სერტიფიცირების ახალი წესები წინგადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში და მისი მიზანი აქამდე არსებული რთული სისტემის გამარტივებაა. ჩვენი შეხვედრა ემსახურება ყველა იმ ნიუანსის  განვიხილვას, რამაც ამ სისტემის უკეთ გამოყენების   შესაძლებლობა უნდა მოგვცეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მეწარმეების მხრიდან აღინიშნა, რომ ზოგადად მათთვის მისაღებია სერტიფიცირების ახალი სისტემა, თუმცა დაინტერესდნენ და განმარტება ითხოვეს ახალი წესების ცალკეულ ასპექტებზე. სააგენტოს თავმჯდომარემ და თანამშრომლებმა უპასუხეს მეწარმეების შეკითხვებს.

გიორგი სამანიშვილმა მეწარმეებს ასევე გასაცნობად გადასცა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კანონპროექტები საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარსადგენად გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში.

სერტიფიცირების წესის ახალი რეგულაციები, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს. ცვლილებება ასევე იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მაღალი ხარისხის გარანტია და ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის პრევენციას.

ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივდება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ, მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული და სადეგუსტაციო შემოწმება.

აღნიშნული საკითხისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მომზადდა სპეციალური გზამკვლევი, რომელიც  განთავსდა სააგენტოს ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: http://georgianwine.gov.ge/geo/text/183/

 

 

ქართული ღვინო