ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება
ზოგადი
თბილისში, ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ 80 ღვინოს ოქროს და ვერცხლის დიპლომები გადაეცათ. გამარჯვებულები წელს უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში 70 კომპანიის 200 ნიმუში გასინჯა და შეაფასა.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი და იყალთოს ქვევრის-სკოლა სახელოსნოს დაფუძნების ინიციატორი, ალავერდის მიტროპოლიტი დავითი მიესალმნენ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი კონკურსები ემსახურება ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას.
„ქვევრის ღვინის ცნობადობა წლიდან-წლამდე იზრდება. ეს არის გამორჩეული კატეგორია, რომლითაც ჩვენ ამაყები ვართ. ქართული ღვინის ერთ-ერთი სიძლიერე სწორედ ქვევრის ღვინოა, მათ შორის, იუნესკო მემკვიდრეობა, ქართული ღვინის ისტორია და კულტურა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კატეგორია მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი, რასაც სჭირდება ხელშეწყობა, პოპულარიზაცია. ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია მეწარმეებისთვის, რომ მათ თავიანთი ღვინის ხარისხი შეაფასონ და ჰქონდეთ მოტივაცია“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ქვევრის სიმპოზიუმის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის 150 ნიმუში საქართველოდან და უცხოეთიდან.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. 2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.
ქვევრის ღვინის კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, ორგანიზატორი: ასოციაცია “ქართული ღვინო“.