ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრები ჩინეთში

ზოგადი

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრები ჩინეთში
01.08.2014

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა გასულ კვირას პეკინში ჩინეთის სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა.
„ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ მრავალი აქტიობებია დაგეგმილი და განხორციელებული“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.
წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობა შედგა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტის (CCPIT) ხელმძღვანელობასთან. კომიტეტი 300 ათას კომპანიას აერთიანებს მთელი ჩინეთის მასშტაბით და მასთან თანამშრომლობა მოიცავს ჩინეთის მხრიდან გამოფენების ორგანიზებასა და ღონისძიებების თანადაფინანსებას, იმპორტიორებისა და ბიზნეს-სექტორის აქტიურ ჩართულობას ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის საქმეში. ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 28 ივლისს ჩატარდა ქართული ღვინის სემინარი, სადაც მოწვეულნი იყვნენ ჩინელი იმპორტიორები და ბაიერები. სემინარს დაესწრნენ აგრეთვე ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე დოქტორი ტანგ შენგიაუ და სხვა წარმომადგენლობითი პირები.
დაიგეგმა კონკრეტული პროექტების განხორციელება ჩინეთის ნაციონალურ კვლევით ინსტიტუტთან (CNRIFFI) ერთად. აღნიშნული პროექტების ერთ-ერთ მიმართულება ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამებია, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის შესახებ პოზიტიური იმიჯის ფორმირებას.
პეკინში 30 ივლისს გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჩინეთის იმპორტიორებთან და ბაირებთან, რომელსაც ლევან დავითაშვილი უძღვებოდა. სააგენტოს თავმჯდომარე სამომავლო პარტნიორობის მიზნით ასევე შეხვდა ჩინეთის სასტუმროების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს ანვენ პინგს, ჩინეთის ტურიზმის კულტურული რესურსების განვითარების ასოციაციის გენერალურ მდივანს ბატონ ცინ იანს და „სინოლით კორპორაციის“ ვიცე-პრეზიდენტს ბატონ რენ ძიანპინს.
2014 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტიებულია 728 238 (0,75 ლ) ბოთლი ღვინო, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ამავე მაჩვენებელზე.

 

ქართული ღვინო