ქართული ღვინის 12 კომპანია მაიამიში საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ მონაწილეობს
გამოფენა
ქალაქ მაიამიში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობისთვის.
„Vinexpo America“-ზე მონაწილეობით ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მსოფლიო ღვინის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აშშ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს ქართული ღვინისთვის, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.