- სიახლეები
- მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.
მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო (Fabio Quaglino) საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.
ფაბიო კვალინო, ქართველ კოლეგებთან ერთად, აღნიშნულ კვლევებში 2014 წლიდან არის ჩართული. მეცნიერმა ველური ვაზის ნიმუშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში, ასევე, ბუნებრივ პირობებში სპეციალურად ორგანიზებულ ექსპედიციის ფარგლებში აიღო.
მასალები, რომელიც მილანის უნივერსიტეტში დამუშავდება, პასუხს გასცემს ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებების ბევრ კითხვას, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, რადგან ვაზის სიყვითლეები, ანუ ფიტოპლაზმასთან ასოცირებული დაავადებათა კომპლექსი, იწვევს მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს საღვინედ გამოყენებულ თითქმის ყველა ჯიშში.
აღნიშნული დაავადებები აღმოჩენილია ევროპაში, ავსტრალიასა და ამერიკის კონტინეტზე. ტიპური სიმპტომებია მარცვლის ჭკნობა, ყვავილედების გამოშრობა (ე.წ. „დესიკაცია“), ფოთლების ფერის შეცვლა და დახვევა, მერქნის არათანაბარი მომწიფება. აღნიშნული დაავადება აღწერილია ქართულ ვაზის ჯიშებშიც, თუმცა მსუბუქი სიმპტომებით, რაც მიუთითებს პათოგენის მიმართ მათ დაბალ მგრძნობელობაზე.
კვლევის მიზანია, გადამოწმდეს, არის თუ არა ფიტოპლაზმები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ველურ ვაზშიც (Vitis silvestris), რაც ადასტურებს მცენარესა და პათოგენს შორის თანაევოლუციის ჰიპოთეზას და ველური ვაზის, როგორც პათოგენის ბუნებრივი რეზერვუარის შესაძლო როლს.